ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას მიესალმება, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებენ.
„ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მასპინძლობით გამართულ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის შეხვედრას მიესალმება. ასევე, ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მიესალმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპის თანდასწრებით, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ალიევის მიერ პოლიტიკური დეკლარაციის გაფორმება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ეს გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის საფუძველს ქმნის ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, რაც ასევე ევროკავშირის მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციას წარმოადგენს“.
„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესს და მზად არის ინვესტირება განახორციელოს რეგიონულ კავშირებსა და სრულად გახსნაში. პირველ რიგში, იმ მოსახლეობის სასარგებლოდ, რომლებიც კონფლიქტის შედეგად არიან გაყოფილები და ასევე, რეგიონის მდგრად მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და კეთილდღეობასთან დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.