პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარული სხდომის დროს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლა იგეგმება, უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო იერიშის თავიდან აცილების მიზნით, ძალოვნები კავშირგაბმულობის ჩახშობას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთ კავშირგაბმულობის ოპერატორზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი ინფორმაციის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ინტერნეტის გათიშვა ლოკალურად მოხდება — მხოლოდ საკონგრესო-საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც ფორუმი ტარდება.

ფორუმის ორგანიზატორების თქმით კი, მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული შეფერხებები შესაძლოა, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო მოხდეს.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, ანტონ კობიაკოვის განცხადებით, ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს მიეცემა პროექტ SPIEF2023-ის Wi-Fi-ქსელის გამოყენების საშუალება.

ფორუმზე უსაფრთხოების ზომების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა.

„რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები და ციფრული უსაფრთხოების ზომებიც გაძლიერებულია, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო, ეს ნორმალური პრაქტიკაა. მტერი თავხედურად მოქმედებს და ზარალის მიყენების მცდელობებს აგრძელებს, ამიტომ ამ კუთხით ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომები მივიღოთ", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.