უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის გლობალური სამიტის ჩაშლას ეცდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს სამიტი იქნება პირველი რეალური შანსი, დაიწყოს სამართლიანი მშვიდობის აღდგენა.

„ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ გლობალურ ძალას შეუძლია, აიძულოს რუსეთი წავიდეს მშვიდობაზე და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი მონაწილე შვეიცარიაში დაგეგმილი სამიტისთვის.

ასევე, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ პუტინი ეცდება, სხვადასხვა მანიპულაციით და თავისი ტერორისტების დარტყმის ძალით ჩაშალოს ეს სამუშაო, ჩვენი ძალისხმევა, შეეცდება უკრაინული პოზიციების შესუსტებას. ყველა ჩვენი პოზიცია ბრძოლის ველზეც, დიპლომატიაშიც და საინფორმაციო სფეროშიც უნდა იყოს თანაბრად ძლიერი,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. რუსეთი სამიტზე მოწვეული არ არის.