ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის "საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია". ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცეპრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებას საკუთარ თავზე აიღებს, რათა ადმინისტრაციამ უწყვეტად იმუშაოს და ერის ყოვლისმომცველი დაცვა შეძლოს.

გუშინ, გამოცემა Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მადუროს დაკავების შემდეგ დელსი როდრიგესი რუსეთში გაიქცა.

3 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და, მათ შორის, მადურო ვიცე-პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან კომუნიკაციაზე, ვენესუელაში ძალაუფლების გადაცემაზე, ნავთობთან დაკავშირებულ გეგმებსა და ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო ქვეყნის გაძღოლას შეძლებს, რადგან "ქვეყანაში მხარდაჭერა ანდა პატივისცემა არ აქვს". მისივე თქმით, მადუროს ვიცეპრეზიდენტს, დელსი როდრიგესს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ელაპარაკა და ის "არსებითად მზადაა", გააკეთოს, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ ვენესუელა ხელახლა დიდებული გახდეს".

"მას [რედ. - როდრიგესს] მარკოსთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და მან თქვა, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც ჩვენ გვჭირდება. ვფიქრობ, საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ რეალურად არჩევანი დიდად არ აქვს. ამას სწორად ვიზამთ, უბრალოდ მადუროსთან არ შევასრულებთ და შემდეგ ყველა სხვასავით არ წავალთ". - თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად ტრამპმა თქვა, რომ იციან, თუ ვინ არიან მადუროს რეჟიმის "უარყოფითი ელემენტები" და ისინი გაცილებით უფრო განსხვავებულად იქცევიან, ვიდრე ორი დღის წინ მოიქცეოდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სპეცოპერაციამდე მადუროს ელაპარაკა და უთხრა, რომ უნდა დანებებულიყო, თუმცა ის არ დათანხმებულა.

"არ მსურს საუბრებზე ვილაპარაკო, მაგრამ მას ველაპარაკებოდი და ვუთხარი, უნდა დანებდე-მეთქი. მეგონა, რომ ამასთან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ ახლა ნატრობს, რომ დანებებულიყო". - თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ვენესუელას დროებითი ფაზის განამვლობაში, ტრამპმა განაცხადა, რომ სხვადასხვა პირებთან დისკუსიები აქვთ და თანამდებობებზე სხვადასხვა ადამიანებს ნიშნავენ.

"ადამიანებს ველაპარაკებით. სხვადასხვა ადამიანებს ვნიშნავთ და გაგაგებინებთ. [ვენესუელის მმართველი გუნდი] დიდწილად გარკვეული დროის განმავლობაში იქნებიან ისინი, ვინც ჩემს უკან დგანან. ჩვენ ვაპირებთ მართვას. ჩვენ დავაბრუნებთ". - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ისურვებდა, რომ ვენესუელაში არჩევნები მალევე ჩატარდეს, თუმცა ამას დროის გარკვეული პერიოდი დასჭირდება და აშშ ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენებას აპირებს.

"ვისურვებდი, რომ სწრაფად ვქნათ, მაგრამ ამას დროის გარკვეული პერიოდი სჭირდება. ხელახლა ვაშენებთ, მათი მთლიანი ინფრასტრუქტურა უნდა ხელახლა ავაშენოთ. მათი ინფრასტრუქტურა გაფუჭებულია. რეალურად ძალიან სახიფათოა [ნავთობის მოპოვებისთვის]". - თქვა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მსხვილი ნავთობკომპანიების დაფინანსებით ვენესუელის ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას შეაკეთებს და შემდგომ ფირმებს ამ ხარჯებს აუნაზღაურებს. მისივე თქმით, აშშ ვენესუელელ ხალხსა და მადუროს დროს ქვეყნიდან წასულ ადამიანებზე იზრუნებს.

"მის მართვას ჯგუფთან ერთად ვაპირებთ და უზრუნველვყოფთ, რომ ის ჯეროვნად იქნება მართული. ნავთობის ინფრასტრუქტურას ხელახლა ავაშენებთ, რაც მილიარდობით დოლარი დაჯდება. ამას უშუალოდ ნავთობკომპანიები დააფინანსებენ. მათ ავუნაზღაურებთ იმას, რასაც აკეთებენ, მაგრამ გადაიხდიან. [...] უზრუნველვყოფთ ვენესუელელ ხალხზე ზრუნვას. უზრუნველვყოფთ ასევე იმ ადამიანებზე ზრუნვას, რომლებსაც ამ ბანდიტმა ვენესუელიდან წასვლა აიძულა". - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა განმარტა, რომ ვენესუელის დროებით მართვა აშშ-ს ინტერესებშია, რადგან ამერიკას კარგი მეზობლებით, სტაბილურობით და ენერგიით გარშემორტყმა და ამ ენერგიის დაცვა სურს.

აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელის სოციალისტურმა რეჟიმმა ამერიკულ კერძო კომპანიებს ნავთობი წაართვა, რომელსაც მოიპოვებდნენ, ხოლო ახლა აშშ მას დაიბრუნებს. მანვე დაამატა, რომ "ვენესუელა უფრო და უფრო მეტად ასპონსორებდა უცხოურ მეტოქეებს ჩვენს რეგიონში და საფრთხის შემცველ თავდასხმით შეიარაღებას ყიდულობდა, რომელსაც აშშ-ს ინტერესებისა და ამერიკული სიცოცხლეებისთვის საფრთხე შეიძლება შეექმნა".

"ჩვენ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრია ამერიკული ნიჭით, მონდომებით და ოსტატობით ავაშენეთ. შემდგომ სოციალისტურმა რეჟიმმა ის წინა ადმინისტრაციების პერიოდში მოგვპარა და მოგვპარა ძალისმიერად. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამერიკული საკუთრების ერთ-ერთი უმსხვილესი ქურდობა იყო. [...] მასშტაბური ოდენობის ნავთობის ინფრასტრუქტურა წაგვართვეს, თითქოს ბავშვები ვიყავით. ამის შესახებ არაფერი ვქენით. მე ვიზამდი. ამერიკა არასდროს დართავს ნებას უცხოურ ძალებს, რომ ჩვენი ხალხი გაძარცვოს ან ჩვენი ჰემისფეროდან გაგვაძევოს. სწორედ ეს გააკეთეს". - თქვა ტრამპმა.

ტრაპის თქმით, აშშ ქვეყანაში მსხვილი ნავთობკომპანიების დაფინანსებით ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას აპირებს, რაც ქვეყანაში ნავთობის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაზრდის. მანვე დაამატა, რომ აშშ-სთან პარტნიორობა ვენესუელელ ხალხს გაამდიდრებს და უფრო უსაფრთხოსა და დამოუკიდებელს გახდის.

"როგორც ყველამ იცის, ვენესუელაში ნავთობის ბიზნესი დიდი ხნის განმავლობაში სრულად უვარგისი იყო. იმასთან შედარებით, თუ რისი მოპოვებაც შეეძლოთ და რაც შეიძლება ყოფილიყო, თითქმის არაფერს არ მოიპოვებდნენ. ჩვენი ძალიან დიდი ამერიკული ნავთობის კომპანიები, მსოფლიოში ყველაზე დიდი, [ვენესუელაში] შევლენ, მილიარდობით დოლარს დახარჯავენ, სერიოზულად გაფუჭებულ ინფრასტრუქტურას, ნავთობის ინფრასტრუქტურას, შეაკეთებენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ. [...] ვენესუელის პარტნიორობა აშშ-სთან, ქვეყანასთან, რომელთანაც ყველას ჩართულობა სურს იმის გამო, რისი გაკეთებაც და მიღწევაც შევძელით, ვენესუელელ ხალხს გაამდიდრებს, დამოუკიდებელსა და უსაფრთხოს გახდის". - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა მონროს დოქტრინის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ჰემისფეროში აშშ-ს დომინაცია "კითხვის ნიშნის ქვეშ აღარასდროს დადგება".

ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ აშშ-ს საჭიროების შემთხვევაში ვენესუელაში ჯარისკაცების გაგზავნის არ ეშინია და ამერიკელი სამხედროები ადგილზე სპეცოპერაციის დღესაც იყვნენ მობილიზებულები. მისივე თქმით, აშშ მზად არის, ეს ხელახლა გააკეთოს, თუ საჭირო გახდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდასხმის მეორე ტალღისთვისაც მზად არიან და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა იერიში "იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მეორე სავარაუდოდ არ დასჭირდებათ".

პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მადურო ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.

წყარო: tabula.ge