ვაშინგტონი წყვეტს სავაჭრო მოლაპარაკებებს კანადასთან, - ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
მისი განმარტებით, ეს გამოწვეულია კანადის მიერ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებით.
"ჩვენ ახლახან შეგვატყობინეს, რომ კანადა - ქვეყანა, რომელთანაც ვაჭრობა ისედაც უკიდურესად რთულია, გამოირჩევა იმითაც, რომ წლების განმავლობაში, ჩვენს ფერმერებს რძის პროდუქტებზე დაუწესა 400%-მდე ტარიფები. ახლა, ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ შემოიღონ ციფრული მომსახურებების გადასახადი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რაც არის პირდაპირი და თვალსაჩინო იერიში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
ისინი აშკარად ჰბაძავენ ევროპის კავშირს, რომელმაც ანალოგიური ნაბიჯი უკვე გადადგა და ამჟამად ჩვენს მოლაპარაკებებსაც განიხილავს. ამ აღმაშფოთებელი გადასახადის ფონზე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვწყვეტთ ყველანაირ სავაჭრო მოლაპარაკებას კანადასთან. მომავალ შვიდ დღეში შევატყობინებთ მათ, რა ტარიფის გადახდა მოუწევთ, თუ სურთ ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.