უსახლკარო და კრიტიკულად მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ადამიანების რაოდენობა ირლანდიაში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და ამჟამად 15 378-ს შეადგენს.

2025 წლის თებერვლის მონაცემებით, მათ შორის 4 653 უსახლკარო ბავშვია.

ირლანდიის საბინაო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ თვეში, იანვართან შედარებით, კრიტიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 92-ით გაიზარდა.

წლიურად ეს 11.1%-იან ზრდას (1,537 ადამიანი) ნიშნავს.

საიმონის თემის აღმასრულებელი დირექტორის, ბერ გროგანის თქმით, სტატისტიკური მონაცემები „სავალალო მდგომარეობაზე“ მეტყველებს და პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ზომების მიღება „ძალიან დაგვიანდა“.

„საცხოვრებელი პირობებისა და უსახლკარობის საკითხებთან გასამკლავებლად, მთავრობა აშკარად მოუმზადებელია“,- განაცხადა ბერ გროგანმა.

„ხელისუფლების უმოქმედობა პირდაპირ აისახება უსახლკარობის მზარდ მაჩვენებლებზე, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ ვხედავთ, თვიდან თვემდე როგორ იზრდება ბავშვებისა და ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სტაბილური და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს პოვნას ამაოდ ცდილობენ“, - დასძინა მან.

ამასობაში ორგანიზაცია „Focus Ireland“-მა, რომელიც უსახლკარობასთან გამკლავების საკითხებზე მუშაობს, მთავრობას მოუწოდა, დიდი ხნის განმვლობაში უსახლკარობაში მყოფი ოჯახების სოციალური საცხოვრებლით უზრუნველყოფა პრიორიტეტად აქციოს.

„4 653 ბავშვი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ საცხოვრებლებშია გამოკეტილი. მათ არ აქვთ სივრცე, რომელსაც შეიძლება „სახლი“ ეწოდოს. ეს სიტუაცია სულ რაღაც ათი წლის წინაც კი სრულიად მიუღებლად ჩაითვლებოდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრაც შესაძლებელი და აუცილებელია“, - ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, პეტ დენიგანი.

წყარო: 1 არხი