უკრაინულ-ამერიკული დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 11 მარტს არაბეთში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-სთან შეხვედრაში მონაწილე უკრაინული დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა.

როგორც ზელენსკი X-ზე წერს, მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი მიიღებენ.

"დღეს კიევში უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ გუნდებს შორის ძალზე პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.

განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც დაგვაახლოებს მშვიდობასთან და დააჩქარებს დიპლომატიურ ძალისხმევას. მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობით რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

მომავალ კვირას ვიზიტს დავიწყებ საუდის არაბეთში. ორშაბათს კრონპრინცთან შეხვედრის შემდეგ, სამშაბათს უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები დარჩებიან ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. უკრაინის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა, რუსტემ უმეროვი და პავლო პალისა.

ჩვენ სრულად მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით საჭირო გადაწყვეტილებებზე და შემდგომ ნაბიჯებზე.

უკრაინა ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის. რეალისტური წინადადებები უკვე არსებობს, ახლა მთავარია სწრაფი და ეფექტური მოქმედება", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ემზადებიან, რათა მომავალ კვირაში საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართონ.