„უკრაინის რკინიგზა“ ევროკავშირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტის "ევროპის შეკავშირების ფონდის" [Connecting Europe Facility - CEF] მეშვეობით, 42,95 მილიონ ევროს მიიღებს. „უკრაინის რკინიგზის“ პრესსამსახურის ცნობით, ფონდის საკოორდინაციო კომიტეტმა უკრაინული კომპანიის საპროექტო განაცხადი 16 ივლისს დაამტკიცა.

გამოყოფილი თანხა ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებას მოხმარდება. პროექტის საერთო ღირებულება 85,91 მილიონ ევროს შეადგენს. ფონდი CEF 50 %-ს, ხოლო დანარჩენს - უკრაინული მხარე დააფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის ობიექტების გეგმიურ რეკონსტრუქციას და ევროპული ლიანდის (1435 მმ) სარკინიგზო ხაზის გაყვანას ჩოპიდან ლვოვამდე. ჩოპი  მსხვილი სატრანსპორტო კვანძია უკრაინას, უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლვოვის სარკინიგზო კვანძის რეკონსტრუქციის სტრატეგიის შემუშავება უკრაინაში ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით.

ვრცლად europetime – ზე