ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს და წერს, რომ ლიდერებთან უკრაინაში არსებული ვითარება და გაყინული რუსული აქტივების საკითხი განიხილა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, სადაც შეთანხმდნენ, რომ, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ევროპული უსაფრთხოებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ამ საკითხზე ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ბელგიის განსაკუთრებული სიტუაცია გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით უდავოა და ის უნდა მოგვარდეს ისე, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ თანაბარი რისკი აიღოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ 18 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით დისკუსიას გავაგრძელებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ბელგია რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს. გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი კი სწორედ ბელგიაში ინახება.