უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.
„პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უნგრელ ხალხს მიმართა. ბატონო პრეზიდენტო! იმას, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი არ წყვეტს კიევში პრეზიდენტი ან ბრიუსელში ბიუროკრატები. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე. მოგწონთ ეს თუ არა, ასე ვმოქმედებთ აქ“, - წერს ორბანი.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.
“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა - იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ორბანი "სახიფათო რაღაცებს აკეთებს".
მანამდე ორბანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და საჯაროდ კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს. მისი შეფასებით, ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია პირდაპირაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან და ევროპიდან გაგზავნილ ფინანსურ დახმარებასთან.
„ამ უბედურმა ევროპელმა ლიდერებმა უკვე გაუგზავნეს 140 მილიარდი ევრო უკრაინას. ეს ფული რომ ევროპულ ეკონომიკაში ყოფილიყო, სტაგნაციის ნაცვლად ზრდა იქნებოდა“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანის თქმით, დანაკარგი უზარმაზარია მხოლოდ უნგრეთისთვისაც.
„სამ წელიწადში უნგრეთმა ომის გამო 20 მილიარდი ევრო დაკარგა. ჩვენ 10 მილიონიანი ქვეყანა ვართ. თუ ამდენი დავკარგეთ, რამდენი დაკარგეს გერმანელებმა, თავიანთი 84 მილიონიანი მოსახლით?“, - აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, ზელენსკის ტონი დაუწუნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. პიტერ სიიარტოს თქმით, ზელენსკი უნდა შეეგუოს იმას, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე.
„ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით. ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი“, – დაწერა სოცქსელში სიიარტომ.
დფვდ