უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შეუძლებელია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„ამჟამად მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით. მე არ ვლაპარაკობ მომავალზე, თუმცა ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

ამასთან, როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, სტამბოლში მზადდება ოთხი მხარის – რუსეთის, უკრაინის, გაერო-სა და თურქეთის შეხვედრა, რომელიც შავი ზღვის გავლით სურსათის ექსპორტს შეეხება.

„მართალია სურსათისა და სასუქის ექსპორტი სანქციებს არ ექვემდებარება, მაგრამ არის ირიბი დაბრკოლებები, რომლის აღმოფხვრასაც ვცდილობთ. შეხვედრა ჩატარდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ უფრო ხანგრძლივ და სრულყოფილ შეთანხმებას“, – განაცხადა გუტერეშმა.

ანტონიო გუტერეშმა ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ სიტუაციაზე და თქვა, რომ ბირთვული ესკალაციის საფრთხე ძალიან მცირეა.

შეგახსენებთ, თურქეთში გასულ კვირას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.