უკრაინამ ტერიტორიები ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში არჩევნები გაყალბებული და მოპარული რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო ახლა უკრაინაზე არ ისაუბრებდა.

„უკრაინამ ტერიტორია ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა. მთელი ზღვისპირა ზოლი დაკარგეს. ვგულისხმობ, შეხედეთ რუკებს. ათი თვეა, რაც აქ ვარ, მაგრამ დაბრუნდით ათი თვით ადრე და შეხედეთ, მთელი ეს ზოლი დაკარგეს. და ეს ახლა უფრო დიდი, უფრო ფართო ზოლია. ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა. შემიძლია, გაჩვენოთ დიაგრამა. ბევრი მიწაა, რომელიც მათ დაკარგეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში.

ამასთან, დონალდ ტრამპი აშშ-ში გაყალბებულ არჩევნებსაც ახსენებს.

„იცით, დაფიქრდით, არჩევნები რომ არ ყოფილიყო გაყალბებული. ახლა ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ეს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც გამოაშკარავდება, ხმამაღლა და ნათლად, რადგან გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია. არჩევნები გაყალბებული და მოპარული რომ არ ყოფილიყო, ახლა თქვენ უკრაინაზე არც კი ისაუბრებდით“, – აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.

1tv.ge