UFC-ის ყოფილი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ირლანდიის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს.

ირლანდია საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, თუმცა მას ცერემონიული როლი აქვს. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია, შეუძლია მიმართოს უზენაეს სასამართლოს კანონის განსახილველად. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია რეფერენდუმზე გაიტანოს კანონები, რომლებიც მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს ეხება.

მაკგრეგორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება, წინააღმდეგობას გაუწევს პარლამენტის მიერ ევროკავშირის საიმიგრაციო ხელშეკრულების მიღებას.

ირლანდიამ ევროკავშირის მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების სრულად იმპლემენტაცია 2026 წლის 12 ივნისისთვის უნდა მოახდინოს. აღნიშნული ხელშეკრულებით, მიგრანტების ევროკავშირში მიღების "ტვირთი" გადანაწილდება ბლოკში შემავალ ყველა სახელმწიფოზე.

"დღევანდელ დღესა და 2026 წლის 12 ივნისს შორის, პარლამენტის ორივე პალატამ რამდენიმე კანონი უნდა მიიღოს და შემდეგ მათ ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა. [...] ნებისმიერი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წინ წამოწევასაც შეეცდებიან, არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევს. ამას მე გავაკეთებ!" – წერს მაკგრეგორი.

tabula.ge