სოციალურმა ქსელ ტვიტერმა თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს გარკვეული სახის კონტენტზე წვდომა შეზღუდა. სოციალურ ქსელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ტვიტებს შეეხო შეზღუდვა და ვისი მოთხოვნით გააკეთა ეს, თუმცა წინა გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების შეღუდვის პრაქტიკას ერდოღანის ხელისუფლება მიმართავდა.

„სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად და ასევე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტვიტერი კვლავ ხელმისაწვდომი იყოს თურქეთის მოსახლეობისთვის, ჩვენ გარკვეული სახის კონტენტზე შევზღუდეთ წვდომა თურქეთში.

შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ამ ანგარიშების მფლობელებს. შეზღუდული კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში”, — წერია სოციალურ ქსელ ტვიტერის განცხადებაში. 

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასაარჩევნო  გამოკითხვები აჩვენებს, რომ თურქეთის ოპოზიციას რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლების შეცვლის რეალური შანსი აქვს.