„ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, მათ შორის, „ტრამპის მარშრუტში“ (TRIPP) იდეალურად ჯდება“. ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი Arab News-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

ის ისტორიულ პარალელს 1990-იან წლებთან ავლებს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა რეგიონში მილსადენების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობას მხარი დაუჭირა.

„ამ პროექტებმა მსოფლიო ბაზრებისთვის კასპიის რეგიონის ენერგორესურსებზე წვდომა გახსნა და დასავლეთთან კავშირის გაღრმავების გზით პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას ხელი შეუწყო. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მსგავსი სტრატეგიული გზის გავლა შეუძლია, როცა ევროპას რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. შედეგად სანქციებით რუსეთიდან მოწყვეტილი ახალი ბაზრები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიებისთვის გაიხსნება და დასავლეთთან ინტეგრაციის მსურველ რეგიონულ პარტნიორებთან კავშირი გაძლიერდება,” - წერს ექსპერტი.

ლუკ კოფი ასევე, წერს, რომ ტრანსკასპიური მილსადენი საერთაშორისო მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რუსეთისა და ირანის ენერგეტიკულ ბაზრებსა და სატრანზიტო დერეფნებს გვერდი აუარონ, რაც ორივე ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციებს ძირს უთხრის.

„მოსკოვი და თეირანი ამ პროექტის დასაბლოკად წლების განმავლობაში დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზეწოლას გარემოსდაცვითი პრობლემების მოტივით იყენებდნენ ან კასპიის ზღვის გაურკვეველი იურიდიული სტატუსის გამოყენებით პროცესის გადადებას ცდილობდნენ. თუმცა, მათი რეალური შეშფოთება ბაზარზე წილისა და პოლიტიკური გავლენის პოტენციური დაკარგვაა,” - წერს კოფი.

ავტორის აზრით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გარემო პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს. კერძოდ, რუსეთი, რომელიც ტრანსკასპიური გაზსადენის მოწინააღმდეგე იყო, ამჟამად უკრაინაში სამხედრო მოქმედებებზე არის ორიენტირებული, ხოლო ირანი შიდა არეულობისა და მზარდი საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დგას.

„1990-იანი წლების შემდეგ ასეთი კარგი შესაძლებლობა ტრანსკასპიური გაზსადენის ოცნების რეალიზებისთვის არ არსებობდა. თუ ის აშენდება, მთელი რეგიონისთვის თამაშის წესებს შეცვლის. კერძოდ, უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, თურქმენეთს ახალ შემოსავალს მოუტანს, ხოლო ევრაზიულ სივრცეში გეოპოლიტიკურ სტაბილურობას გააძლიერებს,” - წერს ექსპერტი.

მისი შეფასებით, ვაშინგტონში წარმატებული ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თურქმენეთში ვიზიტი დამთხვევა არ არის და ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის ინიციატივის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, თურქმენეთს შეუძლია, ახალ რეალობაში ენერგოექსპორტის დივერსიფიკაციით ისარგებლოს, როცა ევროპა მას ახალ და უაღრესად მნიშვნელოვან ბაზარს სთავაზობს.

ცნობისთვის: მაისში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში გაზსადენის მშენებლობის პროექტს დააფინანსებს, ხოლო თანხა საელჩოებისა და რეგიონული ოფისების მეშვეობით გამოიყოფა.

პროექტის მიხედვით, თურქმენეთის გალკინიშის საბადოდან ევროპულ ბაზარს 30 მლრდ კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად, მინიმუმ, 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს.

თავად თურქმენეთი ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის მზად არის. ამის შესახებ მარტში, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და ხალკ მასლაჰათის (სახალხო საბჭოს) ამჟამინდელმა თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა. ის ექსპორტის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ მარშრუტს მიიჩნევს.

ბერდიმუჰამედოვი 2024 წლის მარტშიც აცხადებდა, რომ თურქეთისა და ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდებას აპირებდა, ხოლო შესაძლო მარშრუტებად ასახელებდა კასპიის ზღვა-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს ევროპის გაზსადენების სისტემით შემდგომი ტრანსპორტირებით.

ასევე, 2023 წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ბერდიმუჰამედოვი ამბობდა, რომ გალკინიშის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც თურქმენულ ბუნებრივ აირზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ის ტრანსკასპიურ გაზსადენს თურქმენული გაზის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის მაშინაც პერსპექტიულ მეგაპროექტად ასახელებდა.

შემაფერხებელი ფაქტორი მხოლოდ ოფიციალური ბაქოს პოზიციაა, რომელიც ევროპულ ბაზარზე თურქმენული გაზის შესვლას აზერბაიჯანულ რესურსებთან კონკურენციად აფასებს და თურქმენეთთან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაციას აჭიანურებს.

2023 წლის ივლისის ბოლოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა და აზერბაიჯანისგან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაცია მოითხოვა. უწყება აცხადებდა, რომ თურქმენეთი მზად არის, ევროკავშირისთვის გაზის მისაწოდებლად კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა დაიწყოს, რის შემაფერხებელ ფაქტორებსაც ვერ ხედავს.

ტრანსკასპიური გაზსადენი თურქმენეთს შესაძლებლობას მისცემს, ევროპას გაზი რუსეთის გვერდის ავლით, კერძოდ, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიით მიაწოდოს. თურქმენეთის საგარეო უწყება ღიად აცხადებს, რომ ქვეყანა ამ იდეას არა მხოლოდ ეკონომიკურად და კომერციულად მომგებიან პროექტად განიხილავს, არამედ ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

ჯერჯერობით დასავლეთისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ერთადერთი გზა ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო მილსადენებია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი