თურქეთის ექსპორტი 2023 წლის ბოლომდე 264,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც რესპუბლიკის ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ამის შესახებ თურქეთის ექსპორტიორთა კავშირის (TIM) 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

TIM-ის ხელმძღვანელის მუსტაფა გიულტეპეს თქმით, გლობალური მოთხოვნა თურქეთის ექსპორტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩვენ მივაღწევთ ექსპორტის რეკორდულ დონეს, თითქმის 265 მილიარდ დოლარს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თებერვლის მიწისძვრებმა უარყოფითი გავლენა იქონია ექსპორტზე, დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარი დავკარგეთ“, - განაცხადა გიულტეპემ.

მისი თქმით, TIM ანგარიში ექსპორტიორებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელოა.

„გლობალური მოთხოვნა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თურქული პროდუქციის ექსპორტზე. ანუ მსოფლიოში შემოსავლების დონესთან დაკავშირებული მოლოდინები, პროგნოზები და სცენარები პირდაპირ აისახება თურქეთის ექსპორტზე. სასწრაფოდ საჭიროა მოქმედება ევროპის მწვანე შეთანხმების შესაბამისად. მწვანე ტრანსფორმაციის დაფინანსება გადამწყვეტია ადაპტაციის პროცესში“, - აღნიშნა გიულტეპემ.