„თუ ისეთ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა, სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, თუ მათ სჭირდებათ ჩვენი ფული, ვთხოვთ, პატივი სცენ ჩვენს კომპანიებს“, - უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უნგრული ბანკი OTP-ს უკრაინის მიერ „ომის სპონსორების“ სიაში შეყვანაზე.

OTP აწარმოებს ბიზნესს რუსეთსა და უკრაინაში, თუმცა, კომპანიის განცხადებით, პრეზიდენტის ბრძანებულება ხელს უშლის მათ გაყიდონ რუსული აქტივები. კომპანია უარყოფს, რომ ომში ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთს.

ბოლო დღეებში ბანკი - OTP ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან უნგრეთი უარს ამბობს დაამტკიცოს ევროკავშირის მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მანამ, სანამ კიევი არ ამოიღებს კომპანიას „ომის სპონსორების“ სიიდან. ამასთან, დიპლომატების თქმით, დავა აჭიანურებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.