„მარკ ცუკერბერგმა უარი თქვა რომის კოლოსეუმში ბიზნესმენ ილონ მასკთან ბრძოლაზე“, - ამის შესახებ მასკმა X-ში (ყოფილი Twitter-ი) დაწერა.
„იტალიამ საამისოდ კოლოსეუმი შემოგვთავაზა. ზაკმა უარი თქვა. მაშინ მე, როგორც უსაფრთხო ადგილი მისი სახლი შევთავაზე. სამწუხაროდ, ის ამ დროს „მოგზაურობდა“, - წერს მასკი X-ში.
შეგახსენებთ, რომ Tesla-ს დამფუძნებელმა ივნისის ბოლოს გამოაცხადა, რომ მასკისა და ცუკერბერგის დუელი შესაძლოა კოლოსეუმში გამართულიყო.
პორტალი TMZ იტყობინებოდა, რომ იტალიის მთავრობის წარმომადგენელი ცუკერბერგს კოლოსეუმში ბრძოლის ორგანიზებასთან დაკავშირებით დაუკავშირდა კიდეც.
11 აგვისტოს მასკმა განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებასთან რომში ცუკერბერგის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდა. მისი თქმით, ორთაბრძოლის დეტალები მან იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯ მელონისთან და იტალიის კულტურის მინისტრ ჯენარო სანჯულიანოსთან განიხილა. მასკის თქმით, ისინი „ეპიკურ ადგილას" ბრძოლის ორგანიზებას დასთანხმდნენ.
Tesla-ს დამფუძნებელი აცხადებდა, რომ ორთაბრძოლიდან მიღებული მთელი შემოსავალი ვეტერანებს გადაეცემოდათ.
რამდენიმე დღის შემდეგ პომპეის მერმა კარმინ ლო საპიომ განაცხადა, რომ მასკისა და ცუკერბერგის ბრძოლა არა კოლოსეუმში, არამედ ქალაქის ძველ რომაულ ამფითეატრში გაიმართებოდა.
შეგახსენებთ, რომ მასკსა და ცუკერბერგს შორის უთანხმოება Twitter-ის ანალოგის, სოციალური ქსელ Threads-ის გაშვების გამო წარმოიშვა.