AELTC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „უიმბლდონმა“ წლევანდელი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 53.5 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე (72.59 მილიონი აშშ დოლარი) გაზარდა, რაც 2024 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ეს ასევე ორჯერ აჭარბებს ათი წლის წინ შეთავაზებულ საპრიზო ფონდს.

როგორც ირკვევა, ერთეულთა შორის ჩემპიონები 3 მილიონ გირვანქა სტერლინგს (4.07 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებენ, რაც დიდი სლემის ტურნირებისთვის რეკორდული თანხაა. ეს 11.1%-ით მეტია იმ საპრიზო თანხასთან შედარებით, რომელიც კარლოს ალკარასმა და ბარბორა კრეიჩიკოვამ გასულ წელს „უიმბლდონის“ ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიიღეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ერთეულთა ტურნირის პირველი წრიდან გამოვარდნილი მოთამაშეები 66,000 გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ამასთან, წყვილთა ტურნირის საპრიზო ფონდი 4.4%-ით გაიზარდა, შერეული წყვილების ტურნირის კი – 4.3%-ით.

„უიმბლდონის“ წლევანდელი ჩემპიონატი 30 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

forbes.ge