„„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას სათავეში უდგას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელიც „მწვანე და აგროსტიპენდიების“ ამბიციურ პროგრამას უკვე სამი წელია ახორციელებს“ - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
„64 სტიპენდიანტ სტუდენტს, 10 უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან, 500-დან 1500 ლარის ოდენობით სტიპენდია გადაეცათ. „მწვანე და აგროსტიპენდიები“ სტუდენტებისთვის არის დამატებითი სტიმული სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სტიპენდიების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
აღინიშნა, რომ „მწვანე და აგროსტიპენდიების” პროგრამა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებებით მაღალი აკადემიური მოსწრების პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას.
„მწვანე სტიპენდიები“ ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ბუნების დაცვა და მეტყევეობა, ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, გამოყენებითი გეოგრაფია, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, ხოლო აგროსტიპენდიები ვრცელდება პროგრამებზე: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგიები, ვეტერინარია, მევენახეობა-მეღვინეობა, სატყეო საქმე, მცენარეთა დაცვა და სხვა.
სტიპენდიების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, იური ნოზაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით; ხოლო „აგროსტიპენდიების“ პროგრამას ასვე ცენტრი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.