აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ქვეყნის ხელმძღვანელებს წერილები გაუგზავნა, რომლითაც მათ ახალი სატარიფო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამავდროულად, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ აქტს, რომელიც ყველა ტარიფის, ჩინეთისთვის დასაწესებელი ტარიფების გარდა, ამოქმედების 1-ელ აგვისტომდე გადაწევას ითვალისწინებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მტკიცეა დაწესებული ახალი ვადა, დონალდ ტრამპმა უპასუხა :
„ვიტყოდი, რომ მტკიცეა, მაგრამ არა 100%-ით მტკიცე. თუ ისინი დაგვიკავშირდებიან და მეტყვიან, რომ სურთ რაიმე სხვანაირად გააკეთონ, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით“.
ტრამპის პირველი წერილები იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბასა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე-მიუნგის გაეგზავნათ. წერილების თანახმად, ორივე ქვეყანას 1-ელი აგვისტოდან 25%-იანი ტარიფი დაეკისრება, თუმცა ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ აშშ-სთან შემდგომ მოლაპარაკებებს გეგმავენ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი წერილები გაეგზავნა მალაიზიას, ყაზახეთს, სამხრეთ აფრიკას, მიანმარს და ლაოსს, რომლითაც მათ ლიდერებს აცნობეს ახალი ტარიფების შესახებ, რომლებიც 40%-ს აღწევს.
მოგვიანებით, მან წერილები გაუგზავნა ტუნისის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ინდონეზიის, ბანგლადეშის, სერბეთის, კამბოჯის და ტაილანდის ლიდერებს.
დონალდ ტრამპმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ტარიფების თავიდან ასაცილებლად, საქონელი შეერთებულ შტატებში აწარმოონ.
შეგახსენებთ, აშშ-ში იმპორტრებულ საქონელზე გაზრდილი ტარიფები 9 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო.