პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიგრანტების დღეში 1000 დოლარამდე დაჯარიმებას გეგმავს, თუ ისინი აშშ-ს არ დატოვებენ, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება.
ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია კანონზე, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს იქნა მიღებული და პირველად აქტიურად 2018 წელს, ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში გამოიყენეს.
სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია ამ ჯარიმების გამოყენებას ბოლო ხუთწლიან პერიოდზე უკუქმედების ძალით აპირებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, 1 მლნ დოლარზე მეტ დაგროვილ დავალიანებას მოიცავდეს.
Reuters-ის მიერ მოპოვებული სამთავრობო ელექტრონული წერილებით ირკვევა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ასევე, ქონების ჩამორთმევას განიხილავს იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ჯარიმებს ვერ იხდიან.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) “არალეგალებს” ურჩევს, ქვეყანა სპეციალური მობილური აპლიკაცია CBP Home-ის (ყოფილი CBP One-ის) გამოყენებით დამოუკიდებლად დატოვონ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, “შედეგებს წააწყდებიან.”
ელექტრონულ წერილებში წერია, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურისგან ჯარიმების საკითხის მოგვარებას, ასევე, არგადამხდელ მიგრანტთა კუთვნილი ქონების კონფისკაციასა და მათი აქტივების გაყიდვას მოითხოვს.
პროცესში, ასევე, იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო აქტივების ჩამორთმევის განყოფილების ჩართვა განიხილება.
ტრამპის ადმინისტრაციის ეს პოლიტიკა შესაძლოა, 1.4 მილიონზე მეტ მიგრანტს შეეხოს, რომლებზეც დეპორტაციის საბოლოო ბრძანება არის გაცემული. ასევე, მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეებს ან მუდმივ რეზიდენტებს შეეხება.
ჯარიმების ამ სისტემის ამოქმედების თარიღი ჯერ უცნობია, რადგან ტექნიკურად მისი განხორციელება მნიშვნელოვან ხარჯსა და პერსონალის ზრდას მოითხოვს.