აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოლუმბიას ტარიფებს აღარ დაუწესებს, რადგან ქვეყნები კოლუმბიელი არალეგალი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციაზე შეთანხმდნენ. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი კოლუმბიას 25%-იანი ტარიფებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა აშშ-დან გაგზავნილი 2 სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე უარი განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ერთ კვირაში ტარიფები გაორმაგდებოდა.
თეთრი სახლის მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კოლუმბიის მთავრობა პრეზიდენტი ტრამპის ყველა პირობას დათანხმდა, მათ შორის, აშშ-დან დეპორტირებული ყველა კოლუმბიელი არალეგალი მიგრანტის უკან, ყველანაირი შეფერხების გარეშე მიღება.
შესაბამისად, კოლუმბიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ძალაში არ შევა, თუმცა, სავიზო შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდება, რაც არალეგალი მიგრანტების პირველი ნაკადი კოლუმბიაში წარმატებით ჩავა.