დონალდ ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფკლუბში გაემართა, სადაც დაახლოებით 500 სტუმრისთვის გათვლილ საფეიერვერკო შოუს უმასპინძლა.
დონალდ ტრამპი ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას ვაშინგტონის ცენტრში მდებარე Capital One Arena-ზე გამართავს. ასევე, 20 იანვარს დაგეგმილია პოსტსაინაუგურაციო ღონისძიება.
ნავარაუდევი ძლიერი სიცივის გამო ტრამპმა გადაწყვიტა, საინაუგურაციო ცერემონია კონგრესის შენობაში გადაიტანოს, ხოლო აღლუმი პენსილვანიის გამზირიდან – Capital One Arena-ში.
ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა. ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს და შემდეგ საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
წყარო: 1tv.ge