საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაცემა „L’Événement“-ში ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

ემანუელ მაკრონმა ინტერვიუს დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და ვერსალში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ბომბებით რეჟიმის შეცვლა ვერ მოხდება.

„რეჟიმის შეცვლას ბომბებით ვერ მიაღწევ. რაც მე დავინახე, იყო ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის გარშემო იყვნენ ადამიანები, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე რეგიონში, რომლებიც მას ბევრად უფრო შორს წასვლისა და გაცილებით მკაცრი მოქმედებებისკენ უბიძგებდნენ. რეჟიმის შეცვლა, პირველ ყოვლისა, არის მიზანი, რომელსაც თავად ხალხი აღწევს – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვჯერა. სხვა შემთხვევაში, ამისთვის საჭიროა მასშტაბური სახმელეთო ოპერაციები, ომი თვეებისა და წლების განმავლობაში. შეხედეთ, რა მოხდა ავღანეთში. მიაღწია თუ არა რეჟიმის შეცვლამ წარმატებას ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ? არა“, – თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, მას ბოლომდე არ შეუძლია თქვას, რომ ირანში ომი დასრულებულია.

„შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ამ ომის დაწყება, რადგან ისინი მოლაპარაკებებით უკმაყოფილო იყვნენ. ეს მოხდა წელს, თებერვლის ბოლოს. იმ მომენტში ჩვენ ვთქვით: ჩვენ არ ვაპირებთ ამ ომში მონაწილეობას. ჩვენ არ ვიზიარებთ მიზნებს, რადგან ისინი ჩვენთვის ნათლად არ ჩანს. საფრანგეთის პოზიცია თავიდანვე ნათელია: ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული ბომბი. ირანს არ უნდა ჰქონდეს შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები და მან უნდა შეწყვიტოს რეგიონის, განსაკუთრებით ერაყის, ლიბანისა და იემენის დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა მაკრონმა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა მაკრონს ჰკითხა, რა გარანტია არსებობს, რომ ჰორმუზის სრუტე არ გადაიქცევა ერთგვარ ფასიან გზად, რომელსაც ირანი გააკონტროლებს.

„პირველ ყოვლისა, ჩვენ არ მიგვიღია არანაირი გარანტია, რადგან საფრანგეთი ამ შეთანხმების მხარე არ არის. დონალდ ტრამპმა მითხრა, რომ შეთანხმება ძალიან მკაფიოა: სრუტე კვლავ გაიხსნება, არ იქნება ტარიფები და ასე შემდეგ“, – თქვა მან.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამოკიდებულება ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიმართ შეცვლილია და მხოლოდ ამ პირობით იქნება შესაძლებელი მშვიდობის დამყარება.

რაც შეეხება უკრაინის ნაწილს, საფრანგეთის ლიდერმა ისაუბრა დონალდ ტრამპის დამოკიდებულებაზე.

„დონალდ ტრამპი როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, მას ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა. სწორედ ამიტომ სურდა სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. გაიხსენეთ 2025 წლის იანვარი-თებერვალი. მას ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობდნენ – „ისინი ჩამოიშლებიან“, „ზამთარს ვერ გადაიტანენ“, მცდარი აღმოჩნდა. მან ასევე დაინახა, რომ საქმე აქვს მამაც და ინოვაციურ ხალხთან, რომლებსაც პატივს სცემს“, – განაცხადა მაკრონმა.

1tv.ge