აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ ოფიციალურ სტრატეგიაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროკავშირსა და ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილ მიგრაციას იმაში ადანაშაულებენ, რაც დოკუმენტში „ევროპის გარდაუვალ და სრულ კულტურულ-ცივილიზაციურ დაშლად“ არის შეფასებული. ამის შესახებ მედიასაშუალება „პოლიტიკო“ იუწყება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ამ პრობლემებს „ჩრდილავს მომდევნო 20 წლის განმავლობაში ცივილიზაციის განადგურების რეალური და ბევრად უფრო მკაცრი პერსპექტივა“.

„ევროპის წინაშე მდგარ დიდ გამოწვევებს შორისაა ევროკავშირისა და სხვა ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს; მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც კონტინენტის სახეს ცვლის და კონფლიქტებს იწვევს; სიტყვის თავისუფლების ცენზურა და განსხვავებული პოლიტიკური აზრის ჩახშობა; შობადობის მკვეთრი ვარდნა და ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა“, - ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის 33-გვერდიან დოკუმენტში.

ურთიერთობები ევროპის ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან

ამ კონტექსტში, „პოლიტიკო“ იუწყება, რომ ახალ სტრატეგიას, სავარაუდოდ, მიესალმებიან ევროპელი ულტრამემარჯვენე პარტიები, რომელთა საარჩევნო პროგრამები ევროკავშირის კრიტიკაზეა ფოკუსირებული. ეს პოლიტიკური ძალები არაევროპული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი მუსლიმური უმრავლესობის მქონე სახელმწიფოებიდან, მიგრაციის შეზღუდვას კატეგორიულად ითხოვენ. გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი ტრამპის პოპულისტური MAGA მოძრაობისა და ევროპული ნაციონალისტური პარტიების იდეოლოგიურ თანხვედრას ადასტურებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან და ამას, კერძოდ, გერმანიასა და ესპანეთში აკეთებს. დოკუმენტიდან გამომდინარე, ოფიციალური ვაშინგტონი თავის ევროპელ იდეოლოგიურ მოკავშირეებს დახმარებას ჰპირდება.

„ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, მხარი დაუჭირონ სულიერ აღორძინებას. პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა, ამ კუთხით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“, - ნათქვამია ახალ სტრატეგიაში.

ტრამპმა დასავლეთ ნახევარსფეროს მიმართ აშშ-ის მიდგომა შეცვალა და მონროს დოქტრინის ლოგიკა აღადგინა (ჩეხურ ენაზე)

ეს დოკუმენტი ტრამპის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების ოფიციალური განმარტებაა, რაც იშვიათად ხდება. მსგავსი სტრატეგიები, რომლებსაც პრეზიდენტები, როგორც წესი, თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ერთხელ აქვეყნებენ, აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებას ბიუჯეტის განაწილებასა და პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრაში ეხმარება. სტრატეგიის შესავალ სიტყვაში ტრამპმა დოკუმენტს უწოდა „გზამკვლევი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამერიკა დარჩეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს და ყველაზე წარმატებულ ქვეყანად და თავისუფლების სახლად დედამიწაზე“.

სტრატეგიაში აშშ-ის მთავრობა აღიარებს, რომ აშშ-ისთვის ევროპა „გადამწყვეტ სტრატეგიულ და კულტურულ“ ფაქტორად რჩება, მაგრამ, ამასთან, წინანდელ კრიტიკას იმეორებს - ბევრს დღემდე კარგად ახსოვს, თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რა მკაცრად გააკრიტიკა ევროპული მიგრაციული პოლიტიკა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სიტყვის თავისუფლება ევროპულ ქვეყნებში, რითაც ევროპული პოლიტიკური მეინსტრიმის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო.

ვშიშობ, რომ ევროპა თავისი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან უკან იხევს, განაცხადა ვენსმა მიუნხენში (ჩეხურ ენაზე)

დოკუმენტი ასევე იმეორებს „დიდი ჩანაცვლების“ რასისტულ კონსპირაციულ თეორიას, რომლის თანახმადაც, ელიტები, სავარაუდოდ, თეთრკანიანი ევროპელი ელექტორატის შესუსტებას გეგმავენ და ამის გაკეთებას აფრიკის კონტინენტიდან და განსაკუთრებით მუსლიმური ქვეყნებიდან მიგრაციისთვის ევროპისკენ გზის გახსნით აპირებენ.

უკრაინაში მიმდინარე ომი ნახსენებია მოკლე გადახვევაში, რომელიც ევროპის „ცივილიზაციურ წაშლას“ შეეხება. აშშ ხაზს უსვამს, რომ ომის დასრულება ამერიკის ინტერესებშია, მათ შორის - რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღსადგენად. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ „არასტაბილურ უმცირესობის მთავრობებს“ ევროპაში „ომის არარეალისტური მოლოდინები“ აქვთ. სტრატეგია შეიცავს მინიშნებას, რომ ეს ქვეყნები სამშვიდობო პროცესს აფერხებენ. „ასეთი კომენტარები ვრცელდება იმ დროს, როდესაც ევროპელი ლიდერები პირად საუბრებში გამოდიან გაფრთხილებით, რომ ვაშინგტონმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, შესაძლოა, უკრაინას უღალატოს“, - აღნიშნავს „პოლიტიკო“.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ს სურს, წერტილი დაუსვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „მუდმივად გაფართოებად“ ორგანიზაციად აღქმას.

წყარო: 1tv.ge