თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა გააუქმა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ ყველა ფედერალურ გრანტსა და სხვა სახელმწიფო დახმარებას 90 დღით აჩერებდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი მედიას ადანაშაულებდა ამ განკარგულების მიმართ გამოწვეულ დაბნეულობასა და გაურკვევლობაში, წყარო აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო უამრავი ზარი კანონმდებლებისა და სხვადასხვა შტატის მაღალჩინოსნებისგან კითხვით, ეხებოდა თუ არა ეს გადაწყვეტილება მათაც.
თეთრ სახლში ამ დრომდე ასევე აცხადებდნენ იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც ჩანდა და ამბობდნენ, რომ განკარგულება საჭირო იყო, რათა შეემოწმებინათ, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს პროგრამები ტრამპის პოლიტიკის პრიორიტეტებს.
ფედერალური გრანტებისა და სხვა სახელმწიფო დახმარების 90 დღით შეჩერების თაობაზე სხვადასხვა მედიასაშუალება ასევე წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩერდებოდა უკრაინის სამხედრო დახმარებაც.
1tv.ge