„ტელეარხი „დოჟდი“ მზად არის, ევროპულ დონეზე იჩივლოს“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ მეორე ინსტანციის სასამართლოს სხდომამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა, ვიდრე ლატვიის ადმინისტრაციული რაიონული სასამართლო დავის განხილვას შეუდგებოდა. რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდსა“ და ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) შორის დავა ლატვიაში არხის მაუწყებლობის გაუქმებას უკავშირდება.

სასამართლო სხდომას ტელეარხის მთავარი რედაქტორი, ვიქტორ ძიადკოც ესწრებოდა. მან სინანული გამოხატა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დაშვებული შეცდომებისა და განცხადებების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, დარღვევები ისეთი სერიოზული არ იყო, რომ ლატვიაში არხის ლიცენზია გაუქმებულიყო, რადგან რედაქტორებმა პრობლემები მოაგვარეს. „სასამართლო პროცესი არხის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პროცესზე ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა.

ვიქტორ ძიადკო: „ტელეკომპანია“ „დოჟდი“ ომის საწინააღმდეგო, ანტიპუტინური ორგანიზაციაა. ეს ჩვენ არსებობის წლების განმავლობაში დავამტკიცეთ. გვჯერა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან და საღ აზრთან. NEPLP-ის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ტელეარხი საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ამის საფუძველი არ არსებობს! ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს ეს უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება გაუქმდება“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბოლოს, რიგი დარღვევების მოტივით, NEPLP-მა ტელეარხ „დოჟდისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა გადაწყვიტა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ტელეარხმა ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოს არ მიაწოდა დაპირებული ლატვიური თარგმანი, აჩვენა რუკა, რომელშიც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო წარმოჩენილი. გარდა ამისა, გადაცემის წამყვანმა რუსეთის არმიას „საკუთარი“ უწოდა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ ყველაფერზე NEPLP-ის წარმომადგენლებმა პარასკევს გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს და „ლატვიის ტელევიზიისთვის“ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

NEPLP-ის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დიტა რემბერგამ აღნიშნა: „საქმის მასალების მიხედვით, ტელეარხი „დოჟდი“ მიიჩნევს, რომ თუ ლატვიის რესპუბლიკა რუსეთთან ომში ან უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში უშუალოდ არ მონაწილეობს, მაშინ უკრაინის ომსა და ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. ასეთი პოზიცია თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ამ მედიასაშუალების საქმიანობა, უსაფრთხოების კუთხით, რისკების შემცველია. მსგავსი პოზიციის გამოხატვა ლატვიაში ვერც ერთმა მედიასაშუალებამ ვერ გაბედა“.

მედიის მუშაობის შესახებ სასამართლოსთვის უფრო მკაფიო სურათის დასახატად, სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ყოფილი ომბუდსმენი, პროფესორი ანდა როჟკალნე. მისი მიწვევა NEPLP-მა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ როჟკალნე ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს მუშაობას ხშირად აკრიტიკებდა და მისი შემადგენლობის შეცვლას ითხოვდა. სასამართლო NEPLP-ს პოზიციას არ დაეთანხმა და ხაზგასმით განაცხადა, რომ როჟკალნე სასამართლო სხდომაზე ჩვენებას კი არ მისცემდა, არამედ მხოლოდ თავის აზრს გამოთქვამდა.

არსებული მასალების შეფასებისას, როჟკალნემ თქვა, რომ არხმა ახსნა თავისი შეცდომების არსი, ხოლო მისმა ქმედებებმა აჩვენა, რომ მზად იყო პრობლემების გადასაჭრელად, ამიტომ, სანამ ვინმე მის მიმართ საყვედურს გამოთქვამს, უნდა შეფასდეს, იყო თუ არა ლიცენზიის გაუქმება შესაბამისი სანქცია.

სასამართლო ვარაუდობს, რომ საქმის განხილვას სამი თვის ვადაში დაასრულებს.

თუ ტელეარხი „დოჟდი“ ლატვიის ყველა სასამართლო ინსტანციაში გამტყუნდება, ის მზად არის, თავისი რეპუტაცია ევროპულ დონეზე დაიცვას.

წყარო: 1 არხი