რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასსის“ ცნობით, კომპანია UMATEX-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ტიუნინმა თავი მოიკლა. შემთხვევა მოსკოვის გარეუბანში მდებარე დასახლება კოკოშკინოში მოხდა.

ტიუნინის ცხედარი და სიკვდილის წინ დაწერილი წერილი იპოვეს დასახლების გზაზე, მისი მანქანის სიახლოვეს. მასში წერია, „დეპრესიასთან ბრძოლისგან დავიღალე“. იქვე ნაპოვნია სანადირო იარაღი.

50 წლის ალექსანდრ ტიუნინი კომპოზიტების დივიზიონ „როსატომის“ გენერალური დირექტორი და სამეცნიერო-საწარმოო კომპლექს „ხიმპრომინჟინირინგის“ (მოგვიანებით UMATEX-ი) გენერალური დირექტორი გახდა 2016 წელს. როგორც გამოცემა „აგენტსტვო“ იუწყება, კომპოზიტების დივიზიონი „როსატომი“ ნახშირბადის ბოჭკოს წარმოებაში რუსეთის წამყვანი საწარმოა. აღნიშნული მასალა გამოიყენება მშენებლობაში, ავიამშენებლობაში, გემთმშენებლობასა და ენერგეტიკაში. UMATEX-ი დაკავებული იყო კომპოზიტური მასალების იმპორტის ჩანაცვლებით რუსეთის ავიალაინერ MC-21-ისთვის. ეს არის თვითმფრინავი, რომლის სერიული წარმოებაც, ცუდი ტექნიკური მახასიათებლების გამო, ბევრჯერ გადავადდა და რომლის შეძენასაც აპირებდა „აეროფლოტი“.

„აგენტსტვო“ ასევე წერს, რომ ხუთშაბათს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თავის მოკვლა სცადა ანდრეი კროტკოვმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე) გადამდგარმა პოდპოლკოვნიკმა, კომპანია Zeppelin-ის გენერალურმა დირექტორმა და თანამფლობელმა. ამის შესახებ ცნობა პირველმა გაავრცელა გამოცემა MNS-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ცნობაში აღნიშნული იყო, რომ ამბავი მოხდა სპორტულ კლუბ „მოსკვაში“, ოდინცოვოსთან. 54 წლის კროტკოვი მივიდა კლუბში, სადაც თოფით სცადა თვითმკვლელობა. შედეგად, მიიღო გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა. ის უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს. ბიზნესმენის ქალიშვილმა გამოცემა MSK1-ს უთხრა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, რომელიც „იარაღის დათვალიერებისას“ მოხდა. მისი სიტყვებით, კროტკოვი რეანიმაციაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოცემა MNS-ის ინფორმაციით, ანდრეი კროტკოვი რეგულარულად ინარჩუნებს ადგილს კომერციული უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე გავლენიანი პირების ზედა ასეულში - ნომინაციაში „Property Management”.

გამოცემა „აგენტსტვო“ ყურადღებას ამახვილებს, რომ Zeppelin-ის კლიენტებს შორის კომპანიის საიტზე ნახსენებია: „ტრანსნეფტი“, „ძრავების მშენებელი გაერთიანებული კორპორაცია (შედის „როსტეხში“), "ВЭБ.РФ", "ЕКС"-ის კომპანიების ჯგუფი (დაკავშირებულია სახელმწიფო დაზვერვასთან), НТВ. ფირმა სახელმწიფო კონტრაქტებს დებდა აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ბიზნეს-პარკ "К2"-ის მომსახურებაზე და საოფისე-საქმიან ცენტრ "ВР-Ресурс2“-თან ("Вертолеты России"-ს ნაწილია).

Zeppelin-ის 2025 წლის ივლისის კორპორაციულ გამოცემაში კროტკოვმა წლის პირველი ნახევარი შეაფასა, როგორც „განსაკუთრებით რთული“ იმ „უპრეცედენტო“ დავალიანებების გამო, რომლებიც კომპანიის მიმართ დამკვეთებს დაუგროვდათ. იმავე ტექსტში კროტკოვი აღნიშნავდა, რომ კომპანიას გაუჩნდა ახალი ობიექტები, მათ შორის „როსკოსმოსის“ კუთვნილი „ნაციონალური კოსმოსური ცენტრი“.

radiotavisupleba.ge