ყოველკვირეული „ესტონეთის ექსპრესის“ („Eesti Ekspress“) ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ზაფხულში ჩაიშალა უცხოელის გატაცების მცდელობა, რომელიც ონლაინ-კაზინოებისა და სპორტულ ფსონების ბიზნესით არის დაკავებული.

ძალადობრივი თავდასხმა ივლისის ბოლოს, ტალინის ძველ უბანში მოხდა და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რომლებიც ესტონეთში ავსტრალიის მოქალაქის, ტიმ ჰიტის გატაცების მიზნით ჩავიდნენ.

დაგემილი სცენარის მიხედვით, თითქმის ისევე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, 29 ივლისს, რამდენიმე პირი, რომლებიც თავს დეკორატიულ მხატვრებად წარმოაჩენდნენ და hi-vis ჟილეტებში იყვნენ გამოწყობილნი, დაქირავებული მანქანით რატასკაევაზე მივიდნენ და იმ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ, რომელშიც ჰიტი ცხოვრობს.

გატაცების მცდელობა, საბედნიეროდ, ჩაიშალა, რადგან ავსტრალიელმა ბიზნესმენმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და შეებრძოლა. ყოველკვირეულმა გამოცემამ მომხდარის შესახებ მხოლოდ ტალინის მეორე ინსტანციის საოლქო სასამართლოში გამართული მოსმენის შემდეგ შეიტყო. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, საქართველოს მოქალაქე ილგარ მამედოვმა, რომელიც პატიმრობაში თავდასხმის შემდეგ იმყოფებოდა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, გათავისუფლება მოითხოვა.

46 წლის ჰიტი დიდი ხანია ესტონეთში ცხოვრობს და აქ კრიკეტის განვითარების მთავარ ხელშემწყობად მიიჩნევა. ამასთან, ის ცნობილია Yolo Group-ის დაარსებით, რომელიც ონლაინ კრიპტოვალუტის კაზინოებს, ასევე სპორტული ფსონების პლატფორმებს აკონტროლებს და 900-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

ამასთან, ჰიტის კომპანიები ინგლისის პრემიერ-ლიგის რამდენიმე საფეხბურთო კლუბის მაისურების სპონსორები იყვნენ. ავსტრალიური გამოცემა „ფაინენშელ რევიუ“ მის ქონებას 2,27 მილიარდ ავსტრალიურ დოლარად (1,4 მილიარდი ევრო) აფასებს, რითაც ჰიტი მშობლიური ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სიაში 62-ე ადგილზეა.

გატაცების მცდელობა რატასკაევაზე მდებარე კაზინო „ბომბეი ქლაბის“, საზეიმო გახსნამდე ერთი კვირით ადრე განხორცილდა. აზარტული თამაშების ეს დაწესებულება მდიდრული სათამაშო დარბაზებით, სასტუმრო ოთახებით, სიგარის სალონებით, რესტორნებითა და სხვა დაწესებულებებით გამოირჩევა.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალებმა ტექნიკის მაღაზიაში მათთვის საჭირო აღჭურვილობა ბიზნესმენზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძინეს. ისინი მსხვერპლის გადაყვანას ტალინიდან დაახლოებით 65 კილომეტრში, კაკერდაიას ჭაობში მოწყობილ სამალავში გეგმავდნენ.

მათ საცხოვრებელი კომპანია „ეარბიენბის“ მეშვეობით იქირავეს, მაგრამ რადგან ის აღჭურვილი იყო სათვალთვალო კამერებით და გარდა ამისა, ბანდა „ბოლტისგან“ დაქირავებულ მანქანას იყენებდა, ესტონეთის ხელისუფლებას კრიმინალების გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება და დაკავება გაუადვილდა.

პროკურორმა დაადასტურა, რომ ავსტრალიელი ბიზნესმენის წარუმატებელი გატაცების საქმის გამოძიება გრძელდება და დააზუსტა, რომ არცერთი დამნაშავე არ არის ესტონეთის მოქალაქე. გატაცების მოტივი, სავარაუდოდ, ფინანსური იყო, თუმცა, მონაწილეთა რაოდენობა და მათ შორის როლების განაწილება გაურკვეველი რჩება; რაც შეეხება ეჭვმიტანილ მამედოვს, ის ლიეტუვაში დააკავეს და ესტონეთში იქნა ექსტრადირებული.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი