„თალიბანმა“ ქალ სტუდენტებს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
„მას შემდეგ, რაც თალიბებმა დახურეს უნივერსიტეტები ქალებისთვის, ჩემი ერთადერთი იმედი იყო სტიპენდიის მიღება, რომელიც დამეხმარებოდა საზღვარგარეთ სწავლაში“, - ამბობს 20 წლის ავღანელი სტუდენტი ნატკაი.
ნატკაის სახელი საკუთარი უსაფრთხოების გამო შეუცვალეს.
„თალიბანი“ მკაცრად გაუსწორდა ყველა იმ ქალს, რომელმაც გაბედა და მათ რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწია.
BBC-ის ინფორმაციით, უცხოური უნივერსიტეტებისგან დაფინანსება 100-მა ავღანელმა ქალმა მიიღო, თუმცა თალიბანის ახალი გადაწყვეტილებით, ქალებს სტუდენტური ვიზით საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ.
„თალიბანის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი გამოეხმაურა და „საგანგაშო სიგნალი“ უწოდა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ქალების პატიმრობას ჰგავს.