ახალი შესაძლებლობა მოგზაურებისთვის - მალე ახალი ტურისტული ვიზა ამოქმედდება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის მოგზაურობას.

GCC Grand Tours Visa, ცნობილი როგორც ერთიანი ტურისტული ვიზა 2023 წელს დამტკიცდა და როგორც ჩანს, მალე რეალობად იქცევა. ახალი ვიზა საშუალებას იძლევა მოგზაურმა ერთი დოკუმენტის პრინციპით - ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოინახულოს.

ერთიანი ტურისტული ვიზის მიზანი რეგიონში მოგზაურობის გამარტივებაა, რადგან ამ მოცემულობით, არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს თითოეული ქვეყნისთვის ცალკე ვიზის მოთხოვნა უწევთ, რაც ხშირად დიდ დროსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

ერთიანი ტურისტული ვიზა იქნება ერთჯერადი ნებართვა, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ, აირჩიონ ერთ ქვეყანაში ვიზიტის ან მრავალ ქვეყანაში ვიზიტის ვარიანტი. მსურველები ვიზას ერთიანი ონლაინ პორტალის საშუალებით მიიღებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს ვიზიტორებისთვის.

გალფის ქვეყნების ერთიანი ვიზის მისაღებად განაცხადის შევსებაა საჭირო, სადაც მოგზაური პირად ინფორმაციას, მოგზაურობის დეტალებსა და მიზნებს დააფიქსირებს. როგორც ჩანს აუცილებელია ქვეყნებს შორის გადაადგილების გეგმის წარდგენაც.

მას შემდეგ, რაც მოგზაური ყველა საჭირო დოკუმენტს წარადგენს ვიზა ელექტრონული ფოსტით გაიგზავნება, ვიზიტორებს კი მოუწევთ მოგზაურობის განმავლობაში ვიზის ნაბეჭდი ასლი თან იქონიონ.

მიუხედავად იმისა, რომ GCC-ს ჯერ არ დაუდასტურებია ვიზის მოქმედების ვადა, სავარაუდოდ, ის ვალიდური იქნება 30-დან 90 დღემდე. ვიზის საფასურიც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ "მრავალქვეყნიანი" ვიზის ვარიანტი ფინანსურად ხელსაყრელი ალტერნატივა იქნება მათთვის, ვისაც სურს გალფის ყველა ყველა წევრი სახელმწიფო მოინახულოს.

ერთიანი ტურისტული ვიზა, სავარაუდოდ, 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

bm.ge