სომხეთი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობის შესახებ შეთანხმება უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება და მას მოეწერება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო და უფრო იხრება რეზოლუციისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უპირობოდ უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად 29,800 კვ.მ და 86,600 კვ.მ ფართობებში. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.
“86,6 ათასი კვ. კილომეტრი ტერიტორია მთიან-ყარაბაღსაც მოიცავს. თუმცა, უნდა დავფიქსიროთ, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ამასთან, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთს ამისთვის საერთაშორისო გარანტიები სჭირდება.
სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკანასკნელი ასეთი შეხვედრა ბრიუსელში, სამმხრივ ფორმატში (ნიკოლ ფაშინიანი-ილჰამ ალიევი-შარლ მიშელი) 14 მაისს გაიმართა.