სომხეთი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით სამინისტრომ 11 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სრული ბლოკადის შედეგად ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავების გამო რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ერევანმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გადაწყვიტა, თუმცა 19 სატვირთო მანქანა, რომელსაც საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდა, სოფელ კორნიძორში, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან, გაჩერებული რჩება.