სოფიაში ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად ქალაქის ციფრულ ორეულს შექმნიან. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

კერძოდ, ურბანული სტრუქტურის დეტალური შესწავლა ბულგარეთის დედაქალაქის ხელისუფლებას დაეხმარება, უფრო სწრაფად შეიმუშაოს და განახორციელოს სიცხესთან ბრძოლის ინიციატივები.

3D მოდელი ადამიანის აქტივობის, ენერგიის მოხმარების, ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად წარმოქმნილ სითბოზე მონაცემებს მოიცავს. ასევე, შეიცავს ინფორმაციას მწვანე ზონების, პარკებისა და წყლის ობიექტების რაოდენობის შესახებ.

მერიაში აცხადებენ, რომ მოდელის დახმარებით ქალაქი სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებას შეძლებს, ასევე, ურბანულ განვითარებას ისე დაგეგმავს, რომ სამშენებლო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას არც დისკომფორტს შეუქმნის და არც კლიმატის ცვლილების შედეგებს დაამძიმებს.

ციფრული ორეული სოფიას საშუალებას მისცემს, წინასწარ გაითამაშოს სხვადასხვა სცენარი და საუკეთესო გადაწყვეტილება შეარჩიოს.

3D მოდელით ციფრული ორეულის დატესტვა თებერვალში ესტონეთის დედაქალაქ ტალინმაც დაიწყო.

bpn.ge