„სენტ-ეტიენი“ ლუკას სტასენსა და ზურიკო დავითაშვილს ზაფხულში არ გაუშვებს, რადგან კლუბი ამ ორ თავდამსხმელს მომავალ სეზონში ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების მთავარ იმედად მიიჩნევს, – ინფორმაციას გამოცემა Foot Mercato ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის დაშლას არ გეგმავს. კლუბი არ აპირებს, ისარგებლოს თავისი ორი წამყვანი ფეხბურთელისადმი გაჩენილი ინტერესით, რადგან ახალი მფლობელი გუნდის ელიტაში სწრაფ დაბრუნებას ცდილობს.

როგორც ირკვევა, სტასენისადმი ინტერესს იჩენენ „ბრენტფორდი“ და „ბრაიტონი“, ხოლო დავითაშვილის თამაშმა ყურადღება მიიპყრო „სტრასბურგის“ და ფრანკფურტის „აინტრახტის“ მხრიდან. თუმცა, დიდი ალბათობით, არცერთი მათგანი არ დატოვებს გუნდს. როგორც იუწყებიან, ხელმძღვანელობა მხოლოდ იმ მოთამაშეების გაყიდვას განიხილავს, რომელთა კონტრაქტები იწურება ან მათი შენარჩუნება თავად აღარ სურს“, – წერს Foot Mercato.

ბერძნული გამოცემა Paopantou კი იუწყება, რომ ზურიკო დავითაშვილით „პანათინაიკოსი“ არა მხოლოდ დაინტერესდა, არამედ მას კონკრეტული წინადადებაც წარუდგინა.

„შემტევი ხაზის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ფლანგებზე, სადაც სიჩქარე და კრეატიულობა გადამწყვეტია, „პანათინაიკოსის“ სატრანსფერო სიის სათავეში ზურიკო დავითაშვილია, რომელსაც ფრანგულ ფეხბურთში კარგი რეპუტაცია აქვს. ბერძნულმა გრანდმა ფეხბურთელს უკვე გააცნო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მაღალ ხელფასს, ევროტურნირებში მონაწილეობას, ტიტულებისთვის ბრძოლას და შეტევის მარცხენა ფლანგზე ძირითადი მოთამაშის როლს.

ამავდროულად, „მწვანეები“ გეგმავენ მოლაპარაკებების დაწყებას „სენტ-ეტიენთან“ შესაძლო იჯარაზე, შემდგომ შესყიდვის უფლებით 2026 წლის ზაფხულში, წინასწარ შეთანხმებული თანხით. ტრანსფერი მარტივი არ არის, რადგან ფრანგულმა მხარემ ფეხბურთელის სანაცვლოდ ექვსი მილიონი ევრო მოითხოვა. დავითაშვილს, რომლის მიმართაც იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე კლუბიც ამჟღავნებს ინტერესს, ლიგა 2-ში თამაში არ სურს. მიუხედავად ამისა, „პანათინაიკოსი“ საკუთარ მიზანზე უარის თქმას არ აპირებს“, – წერს ბერძნული გამოცემა.

1tv.ge