საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ივლისში ნავთობის მოპოვებას დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირებს. 

გადაწყვეტილების თანახმად, საუდის არაბეთის წარმოება დღეში 9 მილიონ ბარელს მიაღწევს. მისი მთლიანი ნებაყოფლობითი შემცირება კი დღეში 1,5 მილიონი ბარელი იქნება.

მანამდე, აპრილში გამართულ შეხვედრაზე, OPEC+-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის წარმოების შემცირება გაგრძელდება და 2024 წლიდან დღე-ღამეში მოპოვებული ნავთობის ოდენობა 40,46 მლნ ბარელამდე დაიწევს.

OPEC+-ის ქვეყნებზე მსოფლიო ნედლი ნავთობის მარაგის დაახლოებით 40% მოდის და მისმა გადაწყვეტილებებმა ნავთობის ფასებზე შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს.

ორშაბათს აზიურ ბაზრებზე, Brent-ის ნავთობის ფასი 2,4%-ით გაიზარდა და ბარელზე დაახლოებით 77 დოლარი შეადგინა.

რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, 2022 წლის ოქტომბრიდან OPEC+-ის მიერ ნავთობის მოპოვება დღეში 3,66 მილიონი ბარელით შემცირდა. 

2022 წლის 5 ოქტომბერს, OPEC+-ის წევრები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით უნდა შემცირებულიყო, რაც 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ენერგეტიკული კრიზისის და სხვა რეგიონებში ფასების ზრდის მიუხედავად, ამ ნაბიჯს მხარი ალიანსის ყველა წევრმა დაუჭირა, მათ შორის რუსეთმაც.