სატელიტური სურათები აჩვენებს გაზრდილ აქტივობას რუსეთში, ჩინეთში და აშშ-ში ბირთვულ საცდელ ობიექტებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია „სიენენის“ ექსკლუზიურ მასალაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ააშენეს ახალი ობიექტები და გაიყვანეს ახალი გვირაბები ბირთვულ საცდელ ობიექტებზე იმ დროს, როდესაც დაძაბულობა სამ მთავარ ბირთვულ ძალას შორის ათწლეულების განმავლობაში უმაღლეს დონეზე გაიზარდა.
ერთ ობიექტს მართავს ჩინეთი შორეულ დასავლეთ სინძიანის რეგიონში, ერთს რუსეთი არქტიკული ოკეანის არქიპელაგში და კიდევ ერთს აშშ ნევადის უდაბნოში.
გასული სამი-ხუთი წლის სატელიტური სურათები აჩვენებს ახალ გვირაბებს მთების ქვეშ, ახალ გზებსა და საწყობებს, ასევე გაზრდილი მანქანების მოძრაობას, რომლებიც ობიექტებზე შედის და გადის.
„ძალიან ნათელია, რომ სამივე ქვეყანამ, რუსეთმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო, ძალისხმევა და ფული დახარჯეს არა მხოლოდ ბირთვული არსენალის მოდერნიზაციისთვის, არამედ იმ ტიპის აქტივობების მომზადებაში, რომლებიც საჭირო იქნება ტესტისთვის“, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარმა პოლკოვნიკმა, დაზვერვის ყოფილმა ანალიტიკოსმა, სედრიკ ლეიტონმა „სიენენთან“ ინტერვიუში.
მიწისქვეშა ბირთვული ტესტირება აიკრძალა 1996 წლის ყოვლისმომცველი ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებით, რომელსაც ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიცირება.