ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაავალა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა.
გადაწყვეტილება 29 აპრილს მიიღო მოსამართლე როის ლამბერტმა. მის მიერ გამოცემული დროებითი განკარგულებით, სააგენტომ მედიაკორპორაციას უნდა გადაურიცხოს აპრილის თანხა, 12 მილიონი დოლარი.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ სტივენ კაპუსის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. კაპუსს იმედი აქვს, რომ მედიაკორპორაცია თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს, რადგან აპრილში თანამშრომლების ნაწილი უკვე გაუშვეს იძულებით, ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში და შეამცირეს პროგრამების მოცულობა რეგიონებისთვის, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.