ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში სომხეთის ნაკრების საქართველოსთან მარცხის (1:6) შემდეგ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ მელიქბეკიანმა და ნაკრების კაპიტანმა, ვარაზდატ ჰაროიანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, – ინფორმაციას Fastnews.am-ი ავრცელებს.
არმენ მელიქბეკიანი:
„ყველას სახელით ბოდიშს გიხდით ამ შედეგისთვის. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და მზად ვართ, დავძლიოთ სირთულეები, მივიღოთ გამოწვევა, მოვაგვაროთ შიდა პრობლემები და ივნისში სხვა მდგომარეობაში გამოვჩნდეთ. სექტემბერში ჩვენ ვიქნებით მებრძოლი გუნდი. ეს არის ფეხბურთელების, მწვრთნელისა და ფედერაციის ერთობლივი განცხადება“.
ვარაზდატ ჰაროიანი:
„სანამ ეროვნულ ნაკრებში ვარ, იმედი მაქვს, აღარ იქნება ასეთი სამარცხვინო მარცხი. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. დიდი ხანი ვესაუბრე ბიჭებს. დიახ, ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ავუხსენი, რომ ასეთი დამარცხების უფლება არ გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთი 9:1 დაამარცხა – 3:0 ერევანში და 6:1 – თბილისში.