აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტყუილის“ გამო მწვავედ აკრიტიკებს ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, აღარ მოუხსნას ირანს სანქციები.
საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში პარასკევ საღამოს, 27 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპი წერს:
„რატომ უნდა ამბობდეს ომით გაუბედურებული ირანის ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ აიათოლა ალი ხამენეი ასე უტიფრად და სულელურად, თითქოს მან მოიგო ომი ისრაელთან, როცა იცის, რომ მისი განცხადება ტყუილია და სინამდვილეში ასე არ არის? როგორც მორწმუნე კაცი, არ უნდა იტყუებოდეს“.
„მისი ქვეყანა განადგურდა, მისი სამი საშინელი ბირთვული ობიექტი განადგურდა. მე ზუსტად ვიცოდი, სად აფარებდა ის თავს და არ მივეცი უფლება ისრაელსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, - რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდებული და ძლიერია, - მისი სიცოცხლე მოესპოთ“, - წერს ტრამპი.
მისი თქმით, სიკვდილს გადაარჩინა არაერთი ირანელი, როდესაც ისრაელს მოუწოდა, რომ „თვითმფრინავები უკან დაებრუნებინა“.
ტრამპის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა ირანისათვის სანქციების შესაძლო მოხსნასა და სხვა საკითხებზე, რაც „ირანს სრული, სწრაფი და სრული აღდგენის გაცილებით უკეთეს შანსს მისცემდა“, რადგან „სანქციები ძალიან მწვავეა“.
თუმცა, მისი განცხადებით, „პასუხად, ბრაზის, სიძულვილისა და ზიზღის განცხადება“ მიიღო, რის შემდეგაც მაშინვე შეწყვიტა სანქციების შემსუბუქებაზე მუშაობა.
„ირანი მსოფლიო წესრიგის დინებას უნდა დაუბრუნდეს, თორემ მათთვის საქმე მხოლოდ გაუარესდება“, - წერს ტრამპი.
27 ივნისს ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე „გამარჯვება“ გამოაცხადა თავის პირველ ვიდეოგზავნილში მას შემდეგ, რაც აშშ-ის შუამავლობით ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ისრაელთან 12-დღიანი ომის განმავლობაში 86 წლის ხამენეი უმეტესწილად საჯაროდ არ ჩნდებოდა და მხოლოდ ორი ვიდეოგზავნილი გაავრცელა. მეორე 19 ივნისს გავრცელდა და დიდი ალბათობით ბუნკერში იყო ჩაწერილი, რაზეც სავარაუდოდ მეტყველებდა ჩანაწერის დაბალი ხარისხი.
აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ს „არაფერი მოუგია ამ ომით“ და „ძლიერ სილის გაწვნად“ წარმოაჩინა ირანის საპასუხო იერიში კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე.
ხამენეი გამოეხმაურა აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ირანის „უპირობო დანებებისკენ“ და განაცხადა, რომ ირანი „არასდროს“ დანებდება.
მისი თქმით, ტრამპის მოთხოვნები ნათელყოფს, რომ ირანის „მტრები“ მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იყენებენ „საბაბად“ თეირანის დანებებისკენ იძულებისთვის.