პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივლისს ქვეყნის სამხედრო ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საფრანგეთი "ახალ" და "ისტორიულ" ძალისხმევას იწყებს თავდაცვის ხარჯის გასაზრდელად იმ ფონზე, როცა ევროპაში თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეები იზრდება და მომდევნო წლებში არსებობს ზოგადად ომის დაწყების რისკიც.
სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა პირობა დადო, რომ 2017 წელთან შედარებით, როცა მან თანამდებობა დაიკავა, იგი წლიურ თავდაცვის ბიუჯეტს დაგეგმილი 2029 წლის მაგივრად 2027 წლისთვის გააორმაგებს, რითაც საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი €64 მილიარდი ($75 მილიარდი) გახდება. ამისთვის გაისად ბიუჯეტი დამატებით €3.5 მილიარდით გაიზრდება, იმის შემდეგ წელს კი - €3.2 მილიარდით.
მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის სახით ევროპის წინაშე არსებულ "მუდმივ" საფრთხეს, რომელთან გამკლავებაცაა საჭირო.
"ევროპის საზღვრებთან, კავკასიიდან არქტიკამდე, მუდმივი რუსული საფრთხე არსებობს - მომზადებული, ორგანიზებული, უცვლელი საფრთხე, რომელთან გამკლავებაც უნდა შევძლოთ." - თქვა მან.
"თავისუფლება ასე საფრთხეში 1945 წლის შემდეგ არ ყოფილა და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა არასდროს ყოფილა ამდენად დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ," დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა: "მარტივად რომ ვთქვათ: იმისთვის, რომ თავისუფალი იყო ამ სამყაროში, შენი უნდა ეშინოდეთ, და ამისთვის საჭიროა, ძლიერი იყო."