საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არალეგალური მიგრანტების გაცვლაზე მსჯელობენ
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხუთშაბათს, 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური პარიზი და ლონდონი მსჯელობენ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, დიდ ბრიტანეთში მყოფ არალეგალურ მიგრანტებს საფრანგეთში გააძევებენ, ამის სანაცვლოდ კი, საფრანგეთში მცხოვრები მიგრანტები დიდ ბრიტანეთში მობინადრე თავიანთ ოჯახებს შეუერთდებიან. ამ გზით დიდი ბრიტანეთი შეეცდება მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებიც, უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ლა-მანშის სრუტის გადაკვეთას რეზინის ნავებით ახერხებენ. საფრანგეთი და ბრიტანეთი შეთანხმებულები არიან, რომ გააძლიერებენ ბრძოლას ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ, რომლებიც მიგრანტების სიცოცხლისთვის საშიშ მცდელობებს უწევენ ორგანიზებას. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით, ამ პროექტს ორივე მხარე ექსპერიმენტულად მიიჩნევს.
პროექტი განხორციელდება პრინციპით, „ერთი-ერთზე გაცვლა“: საფრანგეთში მცხოვრებ მიგრანტებს ლეგალურად შეუშვებენ დიდ ბრიტანეთში თავის ოჯახებთან შესაერთებლად, სანაცვლოდ კი, საფრანგეთში დააბრუნებენ იმ პირებს, რომლებმაც გაერთიანებულ სამეფოში დოკუმენტების გარეშე მოახერხეს შესვლა. „კანონიერი მარშრუტების შექმნა, ისევე როგორც საფრანგეთში რეინტროდუქცია (ამ შემთხვევაში: ქვეყანაში ხელახლა შესვლა - რედ) მიგრანტების კონტრაბანდისტული ქსელების შესაკავებელი ზომების ნაწილია“, - დასძენს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, ბრიტანეთის შსს იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები „კონტრაბანდისტული ბანდების ბიზნესის დემონტაჟი მიზნით, ახალ, ინოვაციურ ზომებს იხილავენ“. ბრიტანული მხარის მონაცემებით, 2024 წელს ლა-მანშის სრუტე არალეგალურად 36 800-ზე მეტმა პირმა გადაკვეთა, რაც 25 პროცენტით მეტია, 2023 წელთან შედარებით.
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით კი, 2024 წელს, ინგლისში მცირე ზომის ნავებით შეღწევის მცდელობისას, 78 მიგრანტი დაიღუპა, რაც რეკორდული ციფრია მას შემდეგ, რაც 2018 წლიდან ამ მხარეში ეს ტენდენცია გაჩნდა. გაერთიანებული სამეფო, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ თანამშრომლობას გააძლიერებენ.
წყარო:1tv.ge