ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა პირველ აგვისტომდე აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს პროპორციული საპასუხო ზომების მისაღებად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესება ბიზნესებს დააზიანებს.
„მსოფლიოში ცოტა ეკონომიკა თუ შეესაბამება ევროკავშირის დონის გახსნილობას და სამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის დაცვას. ევროკავშირი პრიორიტეტს მუდმივად ანიჭებს აშშ-თან მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, რაც ასახავს ჩვენს ერთგულებას დიალოგის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა პირველ აგვისტომდე შეთანხმების მისაღწევად. ამავდროულად, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული საპასუხო ზომების მიღებას. ამავდროულად, ვაგრძელებთ ჩვენი გლობალური პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც მტკიცედ ეფუძნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.
ახალი ტარიფებით შეშფოთებულია ნიდერლანდებიც.
აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადება შემაშფოთებელია, ეს წინსვლის გზა არ არის, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი აცხადებს.
„აშშ-ის მიერ ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადება შემაშფოთებელია, ეს წინსვლის გზა არ არის. ევროკომისიას შეუძლია, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და მონდომება და ვიმუშაოთ აშშ-სთან ორმხრივად სასარგებლო შედეგის მისაღწევად“, – წერს სხოოფი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან აშშ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს უწესებს.