საბერძნეთში ძლიერი შტორმის, „ბაირონის“ გამო დახურულია სკოლები, შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დღეს დილიდან ძლიერი წვიმაა ატიკაში, პელოპონესში, კრეტაზე, ევიაში, სპორადებში, თესალიაში და ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით.
ატიკის რეგიონში დახურულია ყველა სკოლა, შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
წყალდიდობა დაფიქსირდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის მანდრაში, ალიმოსსა და კერაცინიში, რის გამოც დაიხურა ათენ-კორინთის ეროვნული მაგისტრალი.
ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მომდევნო საათებში მოსალოდნელია წვიმისა და ქარიშხლის კიდევ უფრო გაძლიერება.
ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.