რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული საკვები პროდუქტები კვლავ იყიდება როგორც ეზოებში არსებულ პატარა მაღაზიებში, ისე ცნობილ ქსელურ სუპერმარკეტებში. ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის (PVS) მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებიდან ლატვიაში სურსათის იმპორტი ზოგადად მცირდება, მაგრამ პროდუქტის ყველა ჯგუფს ეს თანაბრად არ ეხება. აღნიშნული ინფორმაცია ლატვიის ტელევიზიამ 19 ივლისს გაავრცელა.

კანფეტები ეტიკეტზე მეფე პეტრე I-ის გამოსახულებით, ჩაი სახელწოდებით „რუსეთის იმპერიის გვირგვინი“, არაყი და ხიზილალა. რუსული წარმოების პროდუქტები უკრაინაში დამზადებულ ფუნთუშებსა და ტკბილეულს შორისაც არის. ლატვიურმა ტელევიზიამ რუსული ნუგბარი როგორც „მეგოსა“ და „ბეტას“ მაღაზიების თაროებზე, ასევე რეზეკნეს საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ პატარა მაღაზიებშიც დააფიქსირა.

„რაღაც ხომ უნდა გავყიდოთ, ფული რომ შემოვიდეს? ირგვლივ ბევრი სუპერმარკეტია და ჩვენც გვინდოდა მუშაობა“, - გვიხსნის პატარა მაღაზია „რუძუპუკეს“ მფლობელი, ევგენია ცვეტკოვა.

მისივე განმარტებით, საბითუმო ვაჭრობამ გაზარდა უკრაინაში წარმოებული საქონლის ასორტიმენტი, რაც რუსული პროდუქციისგან საბოლოოდ თავის დაღწევის საშუალება უნდა გახდეს.

„მეგო“ კი აცხადებს, რომ როგორც კი რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, კომპანია მაშინვე შეუდგა პროდუქციის ასორტიმენტის გადახედვას.

„ორივე ქვეყნიდან (რუსეთი და ბელარუსი) პროდუქციის მომწოდებლებთან კონტრაქტები შეწყდა და კომპანიის შესყიდვების ჯგუფი აქტიურად მუშაობს ამ ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლის ჩამნაცვლებლის მოსაძებნად, რომელიც ჩვენი მყიდველების ინტერესებს მოერგება“, - ამბობს „მეგოს“ ქსელის წარმომადგენელი, ალექსანდრე აფანასიევი.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან სურსათის იმპორტის მთლიანი მოცულობა, მთლიანობაში, მცირდება.

სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის მონაცემებით, მარცვლეულის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტების მთლიანი მოცულობა 2022 წლიდან მცირდება. თუნცა, არის გამონაკლისებიც. წელს, მაგალითად, შარშანდელთან შედარებით, ნაკლები ალკოჰოლური და სხვა სახის სასმელი შემოვიდა, მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე 2022 წელს.

„აშკარაა, რომ როგორც რუსეთისთვის, ისე ბელარუსისთვის მნიშვნელოვანია შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის მიწოდების არსებული ნაკადის შენარჩუნება როგორც ჩვენს ბაზარზე, ასევე ევროკავშირის დანარჩენ ნაწილთან მიმართებაში. ამიტომ, მათი მოწოდების მოცულობა უცვლელი რჩება - არც ნაკლებია, არც მეტი“, - აღნიშნა PVD-ს სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ივეტა შიჩე-ტრედემ.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან 67, ხოლო ბელარუსიდან საქონლის 36 სახეობაა იმპორტირებული. თუმცა, სურსათისა და ვეტერინარული სამსახური არ ამხელს, კერძოდ რომელი, რადგან ყველა საქონელის ლატვიაში განბაჟება არ ხდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გასაყიდად არის განკუთვნილი. თავისუფალი ბაზარი ასევე იძლევა რუსეთში წარმოებული საქონლის სხვა ქვეყნიდან ლატვიაში შემოტანის საშუალებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, არმანდს კრაუზე ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ევროკავშირის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის შესრულებაც ევროგაერთიანებაში შემავალი ყველა წვეყნისთვის სავალდებულო იქნება. მისი აზრით, იმპორტი მთლიანად არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ საჭიროა, უფრო მაღალი ტარიფებით შეიზღუდოს, როგორც ეს უკვე ხდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან მიმართებაში.

„ტარიფმომატებული პროდუქტის ასორტიმენტი უნდა გაფართოვდეს და მასში შევიდეს, მაგალითად, ხილი, ბოსტნეული და თევზის პროდუქტები, ასევე საკონდიტრო ნაწარმი. ასეთ შემთხვევაში, ეს პროდუქტები ლატვიაში არ მოვა“, - აცხადებს მინისტრი.

თავის მხრივ, სკანდინავიის ქვეყნები რუსული თევზის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვის მომხრენი არიან. თუმცა, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამის მიღწევა მომდევნო ექვს თვეში რთული იქნება, რადგან ამ პერიოდში ევროპის საბჭოს რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი უნგრეთი თავმჯდომარეობს.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი