AirlineRatings-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი თომასის განცხადებით, გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) რუსეთის საჰაერო უსაფრთხოების რეიტინგი შეამცირა, რადგან ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება.

მისი თქმით, რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილები ეწურებათ და იძულებულნი არიან თავიანთი ფლოტი 2 ნაწილად დაყონ: მფრინავ თვითმფრინავებად და ისეთ თვითმფრინავებად, რომელთაც ფრენა არ შეუძლიათ და დაშლას ექვემდებარებიან. რუსეთის მთავრობამ ეს პრაქტიკა დააკანონა, რაც ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ Foreignaffairsnews-ი წერს.

რუსული თვითმფრინავების უსაფრთხოებაზე საუბრობს აშშ-ში დაფუძნებული AeroDynamic Advisory-ის დირექტორი რიჩარდ აბულაფია Poltitico-სთნ.

„სულაც არ ვიქნებოდი თავდაჯერებული იმ ქვეყნის თვითმფრინავით ფრენისას, რომელიც აღარ აკეთებს ჩანაწერებს ტექნიკური გამართულობის შესახებ და მწარმოებელი ქვეყნების სანქციებს ექვემდებარება“, - განუცხადა მან ვებსაიტს.

Poltitico იტყობინება, რომ მარეგულირებლის მიერ ფრენის ნებართვის ჩამორთმევის შემდეგ 9 გადამზიდავმა შეწყვიტა ფრენა რუსეთში, მათგან 3 პირდაპირ იყო დაკავშირებული სანქციებთან.

გასულ წელს ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა პატრიკ კიმ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლური თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომის არალეგალურ პრაქტიკას იყენებს. რუსეთის ავიახაზები თითქმის ექსკლუზიურად დაფრინავს Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავებით - ყველა ძრავა დასავლური მწარმოებლების მიერაა აღჭურვილი და ავიაკომპანიები სათადარიგო ნაწილებისთვის შავ ბაზარს მიმართავენ.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთს ავიაკომპანიის ძლიერი სისტემა ჰქონდა. მისი აეროფლოტი 146 მიმართულებით 52 ქვეყანაში დაფრინავდა. ომის შემდეგ, თავიანთი Boeing და Airbus თვითმფრინავების შესაცვლელად, რუსული ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ 215-ადგილიანი TU-214, 175-ადგილიანი MC21 და 75-ადგილიანი Sukhoi Superjet-ები შეეკვეთათ. თუმცა, ამ თვითმფრინავების მიწოდებას რამდენიმე წელი დასჭირდება.