დაკავებულია ურალში აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი, რომელიც ეკატერინბურგში გადაიყვანეს - თავდაპირველად ეს ინფორმაცია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, E1.RU-მა გაავრცელა. 66.RU იუწყება, რომ შიხლინსკი უკვე დაკითხეს საგამოძიებო კომიტეტში.
«Газета.ру»-ს ცნობით, აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობასა და ძალადობაში. თუმცა რუსეთის სხვა მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ - დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
„ინტერფაქსის“ თანახმად, 30 ივლისს რუსეთისშინაგან საქმეთა სამინისტრომ შაჰინ შიხლინსკიზე ძებნა გამოაცხადა.
შიხლინსკი აზერბაიჯან-ურალის ნაციონალურ-კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ის თავდაპირველად ივლისის დასაწყისში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობდა, წინა წლებში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით.
2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს მის შვილსაც - მუტვალი შიხლინსკის, ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის ბრალდებით. სხვადასხვა წყაროს ცნობებით, მან, 1 ივლისს, სპეცრაზმელს მანქანა დააჯახა. ივლისის დასაწყისში მუტვალი შიხლინსკიმ განაცხადა, რომ მამამისს ძმებ საფაროვების საქმესთან კავშირში მოწმის სტატუსი ჰქონდა.
რუსეთის მედიაში ლაპარაკია 2001-2011 წლებში, ეკატერინბურგში მომხდარი მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების სერიის გამოძიებაზე. ამ საქმის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების შემდეგ, 27 ივნისს ორგანიზებული რეიდის შედეგად. მაშინ ორი დაკავებული დაღუპა - აზერბაიჯანის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ დაღუპვის მიზეზი ცემა გახდა.
აზერბაიჯანელი მოქალაქეების დევნა ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების საფუძველი გახდა, გასული წლის დეკემბერში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩავარდნის შემდეგ. აზერბაიჯანი ამ ტრაგედიის გამო რუსეთს ადანაშაულებს.
ბაქომ გამოაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს 2024 წლის დეკემბერში მომხდარი ფაქტის გამო - როდესაც ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი [ბაქო-გროზნოს რეისი] ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩავარდა და დაიღუპა 38 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა, ხოლო შემდეგ - რუსეთის სანავიგაციო სამსახურმა ეკიპაჟს დაშვების უფლება არ მისცა.
ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების მასობრივი დაკავების შემდეგ, ბაქოში დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, კრემლისტური მედიის - „სპუტნიკის“ წარმომადგენლების ჩათვლით.