რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის სასამართლოებმა, ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, ათასზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. 2025 წელს ასეთი გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი 468-ით გაიზარდა - რაც 1997 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1997 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე ასეთი 196 განაჩენი იქნა გამოტანილი, - ამის შესახებ საუბარია დამოუკიდებელი ასოციაციის, Parubets Analytics-ის კვლევაში, რომელიც ადამიანის უფლებათა პროექტ „პერვი ოტდელის“დაკვეთით ჩატარდა.

კვლევის თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ღალატის, ჯაშუშობისა და კონფიდენციალური თანამშრომლობის მუხლები რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტებად იქცნენ.

2025 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ პირთა საერთო რაოდენობა სულ მცირე 1627-ს შეადგენს. მათგან მესამედი (564) უკრაინის მოქალაქეა.

2025 წელი ჯაშუშობაში გამამტყუნებელი განაჩენების რეკორდული წელი იყო: გასამართლდა 468 ადამიანი, კიდევ, სულ მცირე, 420 ადამიანი გამოძიების ქვეშაა, ხოლო 179-ის საქმის მასალები უკვე წარდგენილია სასამართლოში. ამ საქმეებში გამამართლებელი განაჩენი არ დაფიქსირებულა, ოთხ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ექვსს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნეს, ხოლო სამი მსჯავრდადებული პატიმრობაში გარდაიცვალა.

„ბრალდებულთაგან თითქმის არავის არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლოებებზე. დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებად გამოიყენება კონტაქტები პროვოკატორებთან, შემოწირულებები და ვარაუდები. ასეთი საქმეები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა განიხილება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას“, - ნათქვამია კვლევაში.

ღალატისა და ჯაშუშობის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები გამოაქვთ სასამართლოებს როგორც მთელი რუსეთის მასშტაბით, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული სასამართლოების მიერ.

ბრალდებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი რუსეთის ის მოქალაქეებია, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკურ საქმიანობასთან: სტუდენტები, IT სპეციალისტები, მასწავლებლები, საწარმოების თანამშრომლები, მეწარმეები. მეორე უდიდესი კატეგორია უკრაინის მოქალაქეებია, ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები. მესამე უდიდესი კატეგორია შედგება ომის მოწინააღმდეგეების, საზოგადოებრივი აქტივისტებისა და აკადემიური წრის წევრებისგან.

2024 წლიდან ჯაშუშობის სასჯელის საშუალო ვადა 12-დან 15 წლამდე გაიზარდა. ღალატის საქმეში ყველაზე ახალგაზრდა ბრალდებული იყო ვალენტინ ციგანოკი, დაბადებული 2008 წელს - დაკავების დროს ის 17 წლის იყო. ყველაზე უფროსი - მეცნიერი ვალერი ზვეგინცევი, 80 წლის.

www.radiotavisupleba.ge