უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (HUR) განაცხადა, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (RVC) მეთაურის, დენის კაპუსტინის სიკვდილი გაითამაშა. ამ ქმედების მიზანი იყო კაპუსტინის მკვლელობის თავიდან აცილება, რის განხორციელებასაც მოსკოვი გეგმავდა. ეს დანაყოფი (RVC) ომში უკრაინის მხარეს იბრძვის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსული დაზვერვის მიერ კაპუსტინის მოსაკლავად გამოყოფილი თანხის მიღებაც მოხერხდა.
შაბათ-კვირას, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ „ტელეგრამ-არხზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი მეთაური კაპუსტინი (ასევე ცნობილია, როგორც დენის ნიკიტინი) ზაპოროჟიეს ოლქში, ფრონტზე, დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
თუმცა, ხუთშაბათს კაპუსტინი ვიდეოზარით გამოჩნდა ბრიფინგზე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან ერთად, რომელმაც მას „სიცოცხლეში დაბრუნება“ მიულოცა. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ ეს ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის განცხადების გაზიარებით დაადასტურა.
HUR-მა „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა, რომ კაპუსტინის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს და ამისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გამოყვეს. „HUR-ის კომპლექსურმა სპეცოპერაციამ, რომელიც ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურის სიცოცხლე გადაარჩინა “, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
„ჩვენმა მხარემ ასევე მიიღო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ამ დანაშაულის ჩასადენად გამოყოფილი შესაბამისი თანხა. ამ მომენტისთვის „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური უკრაინაში იმყოფება და დასახული ამოცანების შესრულების გასაგრძელებლად ემზადება“, - განაცხადა ოპერაციაში ჩართული ქვედანაყოფის მეთაურმა.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბუდანოვმა მოიწონა ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ მებრძოლის მოსაკლავად გამოყოფილი ფული რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას მოხმარდება.
ბაბჩენკომ სიკვდილი გაითამაშა
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, კაპუსტინს ულტრამემარჯვენეებთან და ფეხბურთის ხულიგნებთან აქვს კავშირი. The Moscow Times-ის ინფორმაციით, მას 2019 წლიდან ევროკავშირის შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული აქვს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, კაპუსტინმა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ჩამოაყალიბა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ არაერთ ტრანსსასაზღვრო რეიდზე. 2023 წელს მოსკოვმა კაპუსტინი ტერორისტად გამოაცხადა.
ეს სიტუაცია მოგვაგონებს უკრაინაში მცხოვრები ჟურნალისტისა და კრემლის კრიტიკოსის, არკადი ბაბჩენკოს შემთხვევას, რომელმაც 2018 წელს მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, როდესაც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) დახმარებით, საკუთარი სიკვდილი გაითამაშა. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბაბჩენკო შეკვეთით მოკლეს, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.
უკრაინული მხარის თქმით, სიკვდილის გათამაშებით, მათ რეალური მკვლელობა აღკვეთეს, ხოლო იმ შთაბეჭდილების შექმნით, თითქოს შეკვეთა შესრულდა, დამკვეთისგან მიიღეს სხვა ადამიანების სია, რომელთა ლიკვიდაციაც იგეგმებოდა.
წყარო: 1 არხი